|
ავტორი - orioni
|
ზეთის კურთხევის საიდუმლო„უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას.“ (იაკობ. 5, 14-15).
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმიდა წერილი კი საეკლესიო საიდუმლოების (ბერძნ. მისტერიონ) ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსსა და ცხოველი ქმედების უნარს ამჟღავნებს; ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ კი, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი“ (1 კორ. 4,1). ზეთისკურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით ენიჭება მადლი, რომელიც განმწმედელია და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან მაკურნებელი; ის აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი აღსარებებში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება. საინტერესოა, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისათვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას. ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი. სინას მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინეპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული. რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა ხოლმე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, შემდგომში დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც. სნეულებზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს. კურთხევანში წერია, რომ ეს წესი შვიდმა მღვდელმა უნდა აღასრულოს. თუმცა საიდუმლო შეიძლება ერთი მღვდლის მიერაც შესრულდეს, რადგან მღვდელმსახური ეკლესიის სახეს წარმოადგენს და ნებისმიერ მღვდელს ხელეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება. ზეთისცხების საიდუმლო მარტოოდენ სნეულებზე როდი სრულდება. ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც ამას წმიდა ეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი ადასტურებს, ზეთისცხებას აღსარების შემდგომ აღასრულებდნენ და იგი ცოდვათა მიტევებას განასახიერებდა. წმიდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, რომ შვიდგზის ზეთისცხების აღასრულების წინ, ჯერ თავად ეცხოთ შვიდგზის ზეთი და მხოლოდ შემდგომ ამისა აღესრულებინათ ეს მსახურება. იერუსალიმის ტიპიკონი გვამცნობს, რომ უძველესი დროიდან ზეთისცხება თანაბრად უტარდებოდათ სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც. ძველ კუთხევანში ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხების საყოველთაოდ აღსრულების დღედ დიდმარხვის პერიოდი, კერძოდ, ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი ან დიდი შაბათი იყო დადგენილი. მოამზადა მარიამ გაგუამ გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
|
|
ავტორი - orioni
|
დიდი აიაზმაშვიდ წმინდა საიდუმლოს, როგორც სოლომონისეულ შვიდ სვეტს, ემყარება უფლის ეკლესია. აქ ყოველი ქვა მაცხოვრის დადებულია, მისი მოჩუქურთმებული. რამეთუ „სიბრძნემ იშენა თავისა თვისისა სახლი“. ეს ღვთის სახლია, ამიტომ მის კედელში ერთი ქვაც კი არ უნდა მოირყეს. ჩვენი ღირსი წინაპრები დიდი კრძალვით უფრთხილდებოდნენ ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებს, მის ტრადიციებს. საიდუმლო კი იმიტომ ჰქვია, რომ ამ დროს ლოცვანი თუმცა განცხადებულად აღესრულება ღვთისმსახურთაგან, მაგრამ საღმრთო მადლი კაცთაგან ფარულად მოქმედებს. შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ. ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს. ნეტავი იმასს, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს! ხოლო თუ ურწმუნოების ჭია შეუჩნდა უკვდავებისთვის განკუთვნილ სულს, კაცი ან გამოცხადებით, ან განსაცდელით უთუოდ განისწავლება ღვთისგან. აი, ორი ამბავი რწმენის ნაკლებობაზე: 1909 წელს პეტერბურგში სანიტარული კომისიის წარდგენით გაიცა განკარგულება, რომ დიდი აიაზმა ადუღებულ წყალზე აღსრულებულიყო. ეკლესიებში ადუღებული წყლით სავსე უზარმაზარი კასრები მოზიდეს და მათზე წაიკითხეს წყალკურთხევის ლოცვა. და ეს რომელიმე პროვინციაში კი არა, იმპერიის ცენტრში, არა წარმართი, არამედ ქრისტიანი მეფის მმართველობისას ხდებოდა! ბრძანებას მხოლოდ ეპისკოპოსი პირილე გდოველი არ დაემორჩილა. აი, რას წერს იმდროინდელი „პეტერბურგის გაზეთი“: „ლავრის დარაჯმა წყალკურთხევისათვის წინასწარ მოამზადა უზარმაზარი მუხის გობი და რამდენიმე კასრი აუდუღარი წყალი, პოლიციამ კი ქალაქის თავის ბრძანებით ადგილობრივი ტრაქტირის მეპატრონეს დაავალა, ალექსანდრე ნეველის ტაძარში წყლის კურთხევისათვის 50 ვედრო წყალი აედუღებინა. წყალი ერთ საათში მზად იყო. როცა პოლიციამ შეიტყო, რომ მუხის გობში აუდუღარი წყალი ესხა, მისი ადუღებულით შეცვლა მოითხოვა. ლავრის იკონომოსი დაიბნა და მიტროპოლიტ ანტონთან გაეშურა, მაგრამ არ შეუშვეს, - უთხრეს, ძალზე დაკავებულიაო. იკონომოსი უკან დაბრუნდა და საკუთარი ხელმწიფებით შეაცვლევინა წყალი. ადუღებული წყალი ყველას ეყო, თუმცა ეს კია - გაცივება ვერ მოასწრო და ცხელ-ცხელსვე არისგებდნენ. ამ ამბავმა მრევლი ძალზე აღაშფოთა. ადუღებული წყალი რომ შემოიტანეს და კასრებში ჩაასხეს, ბევრმა ლიტურგიაც კი მიატოვა. ეს მოხდა ღვთის განცხადების წინა დღეს, დღესასწაულზე კი (რუსული ტრადიციით, წყალი ნათლისღებასაც იკურთხება) ლავრის სამღვდელოებამ უარი განაცხადა, ნევის ნაპირთან ადუღებული წყლით სავსე კასრი დაედგათ და ის ეკურთხებინათ. ყინული ამოჭრეს და ნეტარხსენებულმა მიტროპოლიტმა კირილე გდოველმა ლავრის არქიმანდრიტებთან ერთად, წესისამებრ, მდინარე აკურთხა, თუმცა პოლიციამ ყველა ღონე იხმარა, რომ წყლის კურთხევას არც ერთი მლოცველი არ დასწრებოდა“. მიტროპოლიტი ანტონი, რომლის დროსაც ეს მკრეხელობა მოხდა, მალე გარდაიცვალა. საშინელი იყო მისი სიკვდილი - ათი დღე უგონოდ იწვა და ყოველდღე ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა გარდაიცვალა, წესის აგებისას მისი ცხედარი ლავრის ირგვლივ შემოატარეს. უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ მიცვალებულს გვირგვინი თავიდან მოაგლიჯა და ხალხში გადაისროლა, მერე კი უკვალად გააქრო. ჭეშმარიტად - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმალავეს წყალში. მხოლოდ ნათიამ არ ისურვა განბანა, არ გავცივდეო - შეეშინდა. განბანის შემდეგ უნდა ეტრაპეზათ. ნათიამ აღარ დაიცადა და შინისაკენ გაეშურა. მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვა მოიხედა და მალე სრულად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა. მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა და, მღვდელმთავრისგან გასხვავებით, მცირედ განისწავლა ღვთისაგან. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა ჟუნრალი „კარიბჭე“, № 1, 2005 წ.
|
|
ავტორი - orioni
|
სკვნილი ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.
დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკვნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 1, 2004 წ.
|
|
ავტორი - orioni
|
საკურთხისაკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ ლოცვებს, ანთებს სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას. საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში. რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა. საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს. ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული. წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ. მარხვის პერიოდში მხოლოდ სამარხვო კერძებს აკურთხებენ, ხსნილში კი სახსნილო ტრაპეზის მომზადებაც შეიძლება. ზოგჯერ საკურთხს შინ აკეთებენ, სანთელს აანთებენ, საკმეველს შემოატარებენ და ღვინით მიცვალებულის შესანდობარს ამბობენ. ეს არ არის საკმარისი. საკურთხს იმიტომ ჰქვია საკურთხი, რომ ის იკურთხება, კურთხევას კი მხოლოდ სამღვდელო პირი აღასრულებს. ამ დროს აღევლინება პანაშვიდი და მღვდელი ღვთის სახელით შენდობას უგზავნის მიცვალებულის სულს. ამის გაკეთება ერისკაცს არ შეუძლია. კურთხევის შემდეგ საკურთხს მეტწილად ტაძარში ტოვებენ და ნაწილი - ტაძრის მსახურთ, ნაწილი კი გლახაკებს ურიგდებათ. საკურთხის დროს ხშირად მიცვალებულის სახელზე შეწირულობასაც გაიღებენ შესაძლებლობის ფარგლებში. ზოგ სოფელში არ არის ტაძარი და გარდაცვლილთა შინაურებს უჭირთ, საკურთხი ყოველთვის მეზობელი სოფლის ტაძარში მიიტანონ, განსაკუთრებით - ზამთრობით. კარგი იქნება, ასეთმა ადამიანებმა რომელიმე ტაძრის 40-დღიან მოსახსენიებელში შეიტანონ ახალგარდაცვლილი ახლობლის სახელი, რათა მღვდელმა 40 დღის განმავლობაში მოიხსენიოს ისინი. შეუძლიათ, მიცვალებულის სახელზე გასცენ მოწყალება, თვითონაც ეკლესიურად იცხოვრონ და სიკეთე აკეთონ. გამოყენებული ლიტერატურა: ჟურნალი „კარიბჭე“, № 2, 2004 წ.
|
|
ავტორი - orioni
|
ეკლესია და შესაწირავიეკლესიაში შესულ ადამიანს თავიდანვე თვალში ეცემა დახლი, სადაც განთავსებულია სანთლები, ხატები, ნაკურთხი ზეთები, სეფისკვერი, ჯვრები - ყოველივე ეს ტაძრის შესასვლელშივე იყიდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სახარება, მაშინვე გაახსენდება, რომ იესო ქრისტემ მოვაჭრენი ტაძრიდან გარეკა. თუ თავად არ წაუკითხავს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე „კეთილისმსურველი“ რომელიმე სექტიდან, რომელიც შეშფოთებით მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და სახარებას შორის, თითქოსდა, აშკარად არსებულ შეუსაბამობაზე... მაგრამ სახარებას ხომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნიც კითხულობენ? მაშინ რატომაა, რომ ჩვენს ტაძრებში ყიდვა-გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს? საქმე ისაა, რომ ჩვენ მეტად განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ იმ კულტურულ-ყოფითი გარემოსაგან, რომელშიც მართლმადიდებელი ცხოვრების საფუძველი ჩამოყალიბდა. ჩვენ არატრადიციულ საზოგადოებაში, არაგლეხურ თემში გვიხდება არსებობა. ჩვენი ქალაქები კი მეტად განსხვავდება პალესტინის ან საბერძნეთის ქალაქებისაგან. წარმოვიდგინოთ ის დრო, როცა ბატონობდა ე.წ. „ნატურალური მეურნეობა“. რა იყო საჭირო ტაძრის ყოველდღიური არსებობისათვის? პური და ღვინო - ზიარების საიდუმლოსათვის, ცვილი - სანთლებისთვის, ზეთი -კანდელებისთვის და საკმეველი - საცეცხლურისთვის. ეს ყოველივე სულაც არ იყო ეგზოტიკური და ძვირი სიამოვნება ქართველი, ბერძენი, სერბი ან ბულგარელი გლეხისათვის. გლეხს პური თავისი ხელით მოჰყავდა. ღვინოს საკუთარი ვენახიდან აყენებდა. ზეთისხილი კი მისივე ეზოში ხარობდა. საკმევლად ფისს იყენებდა, რომელსაც ხეებიდან აგროვებდა (უმეტესად ნაძვისა და კედრისგან). ადამიანებს ტაძარში მიჰქონდათ ნაწილი იმისა, რასაც თავად მოიწევდნენ ან შექმნიდნენ. ისინი არ ყიდულობდნენ სანთლებს ტაძარში, ვინაიდან სახლიდან თავისი ხელით გაკეთებული მოჰქონდათ. არც ზეთს ყიდულობდნენ, რადგან საკუთარი ჰქონდათ. არც სეფისკვერს ყიდულობდნენ შესაწირად - სახლში გამომცხვარი პური ან ფქვილი მოჰქონდათ. არც საკმეველს ყიდულობდნენ, რომელიც დღეს ხშირად უცხოეთიდან შემოაქვთ, არამედ თავად უზიარებდნენ ტაძარს საკუთარი ხელით მოგროვილს. ანუ, ის, რაც ჩვენ დღეს ეკლესიიდან გამოგვაქვს, ჯერ კიდევ 100 წლის წინ (ყოველ შემთხვევაში გლეხებს მაინც) ხალხს თავად შეჰქონდა ტაძარში. გლეხს კარგად ესმოდა, რომ თვითონ არ იყო თავისი მოსავლის შემოქმედი. მართალია, უდიდეს შრომას ეწეოდა, მაგრამ წვიმისა და მზის გარეშე განა გამოიღებდა ნაყოფს მისი ოფლით მოხნული მიწა?! მთელი წლის მანძილზე ის იმედით შეჰყურებდა ცას. ხოლო როცა მოსავალს მოიწევდა, სამართლიანობის გრძნობა კარნახობდა, რომ მადლიერი ყოფილიყო ზეცისა. თავისი მოსავლის, თავისი შრომის ნაწილი მას მიჰქონდა საკურთხეველთან: „უფალო, შენ მომანიჭე ეს ყოველივე, მე კი გმადლობ ამისათვის და მომაქვს საპასუხო ძღვენი, თუმცა - სიმბოლური“. სწორედ ამ აზრით იკურთხება აგვისტოში ხილი. ნაყოფი უფრო გემრიელი კი არ ხდება ტაძარში მიტანისას, უბრალოდ, ადამიანი სწავლობს მადლიერებას. როგორც ინგლისელმა მწერალმა ჩესტერტონმა აღნიშნა, „ბავშვის რელიგიური აღზრდა მაშინ კი არ იწყება, როცა მამა მოუთხრობს ღმერთის შესახებ, არამედ მაშინ, როცა დედა ასწავლის მადლობის თქმას გემრიელად გამომცხვარი ღვეზელისათვის“. ამგვარად, ადამიანებს თავიანთი შრომის ნაწილი მოჰქონდათ ტაძარში. ახლობლების სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ადამიანებს დღესაც მიაქვთ სახლიდან ხილი, შაქარი, ღვეზელი. ლოცვების დასრულების შემდეგ ძღვენის ნაწილს ეკლესიის მსახურთ სწირავენ, ნაწილს იმ ადამიანებს სთავაზობენ, ვინც ამ დროს ეკლესიაშია, დანარჩენს კი ეკლესიის გარეთ მყოფ მათხოვრებს ურიგებენ. სწორედ ამგვარად ხდებოდა უწინ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო მსახურებისას - ლიტურგიაზე - ადამიანებს სახლიდან მოჰქონდათ ღვინო და პური, აძლევდნენ მღვდელმსახურს და სთხოვდნენ, რომ ელოცა ძღვენის შემომწირველთათვის, ასევე მათთვისაც, ვისი სახელებიც შეიგზავნებოდა საკურთხეველში. სეფისკვერს ბერძნები „პროსფორას“ უწოდებენ, რაც ქართულად „ძღვენს“ ნიშნავს. „პროსფორა“ ისაა, რაც მიტანილია, შეწირულია ეკლესიაში და არა ის, რაც ეკლესიიდან გააქვთ. მაგრამ დღეს ადამიანები სახლში აღარც პურს აცხობენ და ხშირად არც ღვინოს აყენებენ, განსაკუთრებით ქალაქში. ისინი უკვე სხვა სამუშაოთი ირჩენენ თავს. სინდისი კი ადამიანს კარნახობს: „შრომისას იმ ტალანტებით, იმ ნიჭით, იმ შესაძლებლობებით სარგებლობ, რომელიც შემოქმედმა მოგანიჭა. თუნდაც შენი შრომის ნაწილი მაინც შესწირე მადლიერებით“. მაგრამ როგორ მიიტანოს ინჟინერმა ან ტრაქტორისტმა, ჟურნალისტმა ან მასწავლებელმა თავისი შრომის ნაწილი ტაძარში? მაგრამ ხომ არსებობს შრომის ანაზღაურება, რასაც თანამედროვე პოლიტეკონომიაში „საყოველთაო ეკვივალენტი“, ანუ ფული ეწოდება?! ამიტომ მორწმუნეს თავისი შრომის გარკვეული ნაწილი ფულის სახით მიაქვს ტაძარში და გადაცვლის ეკლესიისთვის აუცილებელ ნივთებზე: სანთლებზე, პურზე (სეფისკვერზე), ღვინოზე, საკმეველზე... გარეშე თვალისთვის აქ აშკარა სავაჭრო ოპერაცია მიმდინარეობს: ფული იცვლება საგნებზე. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანმა მიიტანა თავისი შესაწირი. მაგრამ ფულის კუპიურას ხომ ვერ დაანთებ სანთლის მაგივრად, ვერც მონეტას დადებ საკმევლის ნაცვლად საცეცხლურში. ამიტომ ეკლესია წინასწარ ზრუნავს იმისათვის, რომ წირვა-ლოცვისთვის საჭირო ნივთები მზად იყოს. სანთლის საკუთარი ხელით გაკეთება სულაც აღარ არის საჭირო, მრევლს ეკლესიის ზღურბლამდე შეუძლია თავისი შესაწირი მონეტის სახით მიიტანოს, ხოლო თავად ტაძარში უკვე სანთლით ხელში შევიდეს. ამ აქტში ყიდვა-გაყიდვის პროცესი არ არის. „მესანთლის დახლი“ უბრალოდ ეხმარება თანამედროვე ცივილიზაციის ადამიანებს, რომ უმტკივნეულოდ გადაინაცვლონ უძველესი ტრადიციის სამყაროში. ზოგიერთ ტაძარში სანთლები თავისუფლად აწყვია დახლთან, მათ გვერდით კი შესაწირი ყუთი დგას. ვისაც საშუალება არ გააჩნია, უფასოდ იღებს სანთელს, მაგრამ ხშირად ადამიანები იმაზე მეტსაც კი სწირავენ ეკლესიას, ვიდრე სანთლის დამზადება ღირს, ვინაიდან კარგად ესმით, რომ აქ ფულადი ეკვივალენტის გაცვლა კი არ ხდება, არამედ უფლისადმი საკუთარი შრომის ნაწილი იწირება... ახლა უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ სცოდავენ ისინი, ვინც სანთლებს ქუჩის გამყიდველებთან ან ბაზრობებზე ყიდულობენ და არა ტაძარში. თუ სანთელი უფლის წინაშე ჩვენი წვისა და მისთვის გაღებული ჩვენი მსხვერპლის სიმბოლოა - მაშინ რაღა გამოდის, თუ ეს სანთელი ჩვეულებრივი გამყიდველისაგან გვაქვს შეძენილი? სანთელი ხომ ჩვენს მაგივრად არ ლოცულობს. ის მხოლოდ შეგვახსენებს იმ ლოცვით წვაზე, რომელიც უნდა ხდებოდეს ჩვენს გულში. სანთელი არ არის ეკლესიის ან ბინის კურთხევის საშუალება. ის იმ მცირედი მსხვერპლის განსახიერებაა, რომელიც ტაძარს შევწირეთ. თავად ეს მცირედი მსხვერპლი კი არის სიმბოლო იმ უდიდესი მსხვერპლისა, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიღოს უფლისათვის. ქუჩაში ნაყიდი სანთლის დანთებისას კი ჩვენი მსხვერპლი ტაძრის გარეთაა შეწირული. ასეთი სანთელი უფლის წინაშე კი არ იწვის, არამედ ჩვენს ეგოიზმისა და წვრილმანი „ეკონომიის“ წინაშე. რაც არ უნდა გვიმტკიცონ ქუჩაში სანთლის გამყიდველებმა, რომ მათი სანთლები „ნაკურთხია“, „საეკლესიოა“, არ უნდა დავუჯეროთ. ამასთან, არის შემთხვევებიც, როცა მათი სანთლები ჯადოქრებისა და მაგების მიერ არის შელოცვილი. როგორც ვთქვით, ძველად ადამიანებს თავიანთი სანთლები მოჰქონდათ ეკლესიაში, მაგრამ, გარდა ამისა, ისინი საეკლესიო „მეათედსაც“ იხდიდნენ (თუმცა ფულით კი არა, მოსავლის ნაწილით). დღეს მართლმადიდებელი ეკლესია (განსხვავებით მრავალი პროტესტანტული თემისგან) თავის მრევლს არ მოუწოდებს ესოდენ საგრძნობი - ათპროცენტიანი - მსხვეპლის გაღებისაკენ. მაგრამ თუნდაც ის მცირედი მსხვერპლიც კი, რომელსაც სანთლის დანთებით ვწირავთ, ყიდვა-გაყიდვის აქტი რომ აღარ იყოს და სულიერი ხასიათი შეიძინოს, ტაძარში უნდა იყოს შეძენილი და არა ქუჩის გადამყიდველებთან. დღეისათვის სიტყვა „მსხვერპლი“ და „მსხვერპლშეწირვა“ პოპულარული არ არის. რეკლამა და მასკულტურა დაჟინებით მოუწოდებენ ადამიანებს, რაც შეიძლება „თავიანთ გემოზე“ იცხოვრონ და „საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვიან“. ეკლესია კი ცდილობს, ამ არაადამიანურ მოდას დაუპირისპირდეს და ადამიანებს მსხვეპლშეწირვისაკენ მოუწოდებს. ტაძარში ვაჭრობა კი არა, სულის აღზრდა ხდება. თუ გააცნობიერებ, რომ მესანთლესთან აღსრულებული ქმედება ჩვეულებრივი სავაჭრო ოპერაციაკი არაა, არამედ მცირედი შენაწირი - მრავალი რამ შეიცვლება შენს სულში. არა მყიდველის მიერ აღსრულებული ვალის შემეცნებით უნდა დაანთო სანთელი შანდალზე, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ მსხვეპლშეწირვის ცეცხლით განწმიდო მთელი ცხოვრებისეული გზა. ეს მართალია, ძალიან მცირეა. მაგრამ ადამიანს იმის გასაცნობიერებლად ისიც შეეწევა, რომ სამყაროში სამსახურის გარდა, არსებობს მსახურებაც. გარდა იმისა, რაც იყიდება, იწირება კიდეც. ჩნდება კითხვა, სად მიაქვს ეკლესიას სანთლების გაყიდვით მოგროვილი ფული? სანთლები ოდესღაც აუცილებელი იყო ტაძრის გასანათებლად, დღეს იგი ელექტროენერგიით ნათდება, რაც, კარგად მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორ გადაიხდის ტაძარი ელექტროობის ფულს, თუკი ადამიანები სანთლებსაც კი ქუჩის მოვაჭრეებთან იყიდიან? ეკლესიაში ყოველთვის მოიძებნება ის საქმე, რისთვისაც ფულია საჭირო, ესაა ტაძრების მშენებლობა და რესტავრაცია, მღვდელმსახურთა და მგალობელთა, დარაჯებისა და დამლაგებლების გასამრჯელოთა ანაზღაურება, ხარჯები სემინარიის, საკვირაო სკოლების, საეკლესიო გიმნაზიებისა და საავადმყოფოების, ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთული მისიებისა და წარმომადგენლობების შესანახად. საიდან უნდა ჰქონდეს ეკლესიას ესოდენ დიდი ფული? წინა საუკუნეებში ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შემდეგ კი ეს ასე აღარ ხდება. რიგ ქვეყნებში (უწინარეს ყოვლისა გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში) იკრიბება სპეციალური საეკლესიო გადასახადი. ქვეყნის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, შემოსავლის გარკვეული პროცენტი საეკლესიო საჭიროებისათვის გადარიცხოს (სინდისის თავისუფლება კი იქ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელ კონფესიას ანდობს თავის ფულს). ჩვენს ეკლესიაში კი ადამიანს არავინ აკისრებს საეკლესიო გადასახადს, არც სანთლების შეძენას აძალებს ვინმე. ჩვენი საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო - აღსარება და ზიარება ყოველგვარი საფასურის გარეშე აღესრულება. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გაიღოს შესაბამისი მსხვერპლი ნათლობის, ქორწინების ან წესის აგებისათვის, საეკლესიო კანონების მიხედვით, მღვდელმა იგი უსასყიდლოდ უნდა აღასრულოს. ეკლესიაში სპეციალურ ყულაბაში კი ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწიროს თანხა მღვდელმსახურის, მგალობლების, ტაძრის აღდგენისა და განახლებისათვის. ის ადამიანი, ვინც მოძღვრის თვალწინ იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ხშირად ამბობს აღსარებას, წირვა-ლოცვას ესწრება, ეზიარება, მისთვის ახლობელი ხდება. ასეთ ადამიანს აზრადაც არ მოუვა მოძღვრისთვის რაიმე თანხის გადახდა, არამედ სპეციალურ ყულაბაში ჩააგდებს შესაწირს უფლისათვის. მათ კი, ვინც გულუბრყვილოდ კითხულობს, თუ რაში სჭირდება მღვდელმსახურს ფული, შევახსენებთ, რომ მოძღვარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ, და მასაც უხდება საყოფაცხოვრებო პრობლემებთან შეჭიდება. თუკი ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენებელს სეფისკვერიც შეაყოლოს, არც ესაა დიდი უბედურება. უფალმა კარგად იცის ჩვენი გული და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუკი ამის უკან სიხარბე არ იმალება, ადამიანის მხურვალე ლოცვა უფლისგან შეწირული იქნება. თუკი არ შეგიძლია ფულადი შესაწირის გაღება ტაძარში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ძალგიძს ლოცვითი, გულითადი მსხვერპლის გაღება უფლისათვის. აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე შენი ახლობლებისთვის და ასეთ ლოცვას არანაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე შესაწირსა და დანთებულ სანთელს. ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა ნათია თარაშვილმა გაზეთი „საპარტიარქოს უწყებანი“, № 46 (254), 2003 წ. |
|